ქალაქ რუსთავის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს მედლები გადაეცათ
07.07.2011

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ “განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, რუსთავის  სკოლების 24 წარჩინებულ კურსდამთავრებულს ოქროს მედლები გადასცეს.

ქალაქ რუსთავის სკოლების მოსწავლეებმა  საატესტატო გამოცდებზე კარგი შედეგები აჩვენეს, რამდენიმე მოსწავლე ქულების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით პირველ  ასეულში მოხვდა.  2010-2011 წლისათვის რუსთავს 24 ოქროსა და 27 ვერცხლიმედალოსანი ჰყავს.  მედლების გადაცემა რუსთავის 24-ე საჯარო სკოლაში განხორციელდა, მხოლოდ ამ სკოლაში წელს 13 ოქროს და 2 ვერცხლისმედალოსანია.


კოკა სეფერთელაძის განცხადებით, ამ ფორმით მოსწავლეთა წახალისება მნიშვნელოვნად  ზრდის მათ  მოტივაციას და ხელს უწყობს აკადემიური მოსწრებისადმი პატივისცემის ამაღლებას. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პრეზიდენტის ინიციატივით,  ”წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების” ქვეპროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 2010-2011 წლისათვის 877 ოქროსა  და 1122  ვერცხლის მედალი გაიცემა.

მედალოსან კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები  ”ეროვნული სასწავლო გეგმით” რეგულირდება. 2010-2011 სასწავლო წლის წარჩინებით სკოლადამთავრებულებისათვის სახელობითი  ოქროსა და ვერცხლის მედლები დამზადდა. სახელისა და გვარის გარდა მათზე მითითებულია შესაბამისი წელი.