სამინისტროს მხარდაჭერით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
03.08.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით,  ქალაქ ბათუმში, 6 აგვისტოს ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. კონცერტამდე დიმიტრი შაშკინი ცნობილ ქართველ პიანისტს შეხვდა და საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა. 

კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად ჩაირიცხება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების ანგარიშზე და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ხელნაწერის რესტავრაციას მოხმარდება. ბევრ უნიკალურ ხელნაწერთა შორისაა მოქვის სახარებაც, რომელსაც გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოები უტარდება. უნიკალური ხელნაწერების გადასარჩენად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მილიონი ლარი გამოყო.

ღონისძიების დაწყებამდე,  მოეწყობა გამოფენა ,,ქართული ხელნაწერი“. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ცენტრში დაცული უნიკალური ხელნაწერების ზუსტი ასლები (მულაჟები): მათ შორის  ხანმეტი ლექციონარის (VII-VIII სს.);  სინური მრავალთავის (864 წ).; ასტროლოგიური ტრაქტატის (1188-1210 წწ.) მოქვის სახარების (1300 წ); ,,ვეფხისტყაოსანის’’ უძველესი ნუსხების და სხვა ხელნაწერთა ასლები.

სწორედ ამ უძველესი ძეგლების გადასარჩენად, მათი როგორც  უნიკალური, ეროვნული მნიშვნელობის კოლექციის დაცვის, კვლევის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისათვის   შეიქმნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის   მეგობართა საზოგადოება, რომლის წევრიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა, ამავე საზოგადოების წევრია ელისო ბოლქვაძეც.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად საქველმოქმედო კონცერტის მხარდამჭერებია: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; ავიაკომპანია ,,აირზენა’’;  რადიო ,,მუზა’’ და აჭარის ტელევიზია.