საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მომავალი სასწავლო წლიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი საგანი "საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება" შემოდის. შეიქმნა შესაბამისი სახელმძღვანელო და შსს აკადემიის მხარდაჭერით, 1200 მასწავლებელი გადამზადდა. დატრენინგებულ პედაგოგებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა და შსს აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ სერტიფიკატები გადასცეს.
შინაგან საქმეთა აკადემიის ტრენერები თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში ახალი საგნის ყველა პედაგოგს 15 სექტემბრამდე გადაამზადებენ. ტრენინგების ფარგლებში მასწავლებლები ტესტურ დავალებებს ასრულებენ, სწავლობენ პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, სწავლების მეთოდოლოგიას და სხვ. ახალი საგნის "საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება" სწავლება სპეციალურად დაწერილი სახელძღვანელოთი განხორციელდება.
სახელმძღვანელო ორი ნაწილისაგან შედგება და მოიცავს ყველა იმ ძირეულ საკითხს, რომელიც საჭიროა იმისათვის, რათა პირი სრულყოფილად მომზადდეს საგზაო მოძრაობის წესებსა და უსაფრთხოებაში.
ავტომობილის მართვის თეორიულ კურსს მოსწავლეები სკოლაშივე გაივლიან. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მოზარდები 17 წლის ასაკში, მშობლის თანხმობის შემთხვევაში, მართვის დროებით მოწმობებს უსასყიდლოდ მიიღებენ. მათ საშუალება ექნებათ ქალაქში ავტომობილით იმოძრაონ, აეკრძალებათ მხოლოდ მგზავრების გადაყვანა. 18 წლის ასაკში კი, დროებითი მოწმობის ნაცვლად, ახალგაზრდა საერთაშორისო სტანდარტის მართვის მოწმობას ასევე უსასყიდლოდ აიღებს.
საგანს მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები შეისწავლიან. ახალი საგნის შემოღება მიზნად ისახავს გზებზე უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფას, სწორედ ამას შეუწყობს ხელს სკოლის ასაკში მიღებული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.