საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დაწყებითი საფეხურის პირველი დონის ქართული ენის სახელმძღვანელო შეიქმნა, რომლითაც არაქართულენოვანი მოსწავლეები ქართულ ენას შეისწავლიან. დიმიტრი შაშკინმა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისათვის განკუთვნილი ახალი წიგნი მასწავლებლებსა და ჟურნალისტებს წარუდგინა. 2011 წლის ბოლომდე I-დან VI დონის ჩათვლით ყველა სახელმძღვანელო გამოიცემა. 2012 წელს საბაზო-საშუალო საფეხურებისთვის სახელმძღვანელოების დანარჩენი დონეები შეიქმნება.
საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროგრამას ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობს, რომლებიც არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის სახელმწიფო ენის სწავლებას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში შექმნილი ახალი სახელმძღვანელო აგებულია პედაგოგიკის თანამედროვე პრინციპებზე და დაფუძნებულია ენის კომუნიკაციურ სწავლებაზე. კომუნიკაციურ-ინტერაქტიული მეთოდი მნიშვნელოვნად განსხვავდება ენის სწავლების ტრადიციული მიდგომებისაგან და გაცილებით ამარტივებს ენის შესწავლას.
წიგნი შექმნილია მოსწავლეთა ინტერესებისა და რეალურ საცხოვრებელ გარემოში, ყოფით სიტუაციებში მიმდინარე მოვლენების, საჭიროებების გათვალისწინებით. გრამატიკის სწავლებისას, აქცენტი კეთდება ე.წ. გამოყენებით, ანუ კომუნიკაციურ გრამატიკაზე.
მნიშვნელოვანია, რომ სახელმძღვანელოს თან ახლავს აუდიო-ვიზუალური მასალები და სპეციალური კომპიუტერული თამაშები, რომლებიც ჩაიტვირთება პირველკლასელებისთვის დარიგებულ ნეთბუკებში და ასევე განთავსდება სპეციალურ ვებ-გვერდზე (www.buki.ge).