საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მანდატურებს შეხვდა და სკოლაში მათი მუშაობის განვლილი ერთი წელი შეაჯამა. ამ ხნის განმავლობაში სკოლებში დამკვიდრდა დისციპლინა, გაიზარდა მოსწავლეთა დასწრება, აღმოიფხვრა დანაშაულის ფაქტები. მიღწეული შედეგების გამო მინისტრმა მანდატურებს მადლობა გადაუხადა და განმარტა, რომ სამინისტრო მომავალშიც იზრუნებს მათ პროფესიულ ზრდაზე.
შეხვედრაზე მანდატურის სამსახურში განხორციელებულ სიახლეებზეც ისაუბრეს. ზაფხულის განმავლობაში მანდატურები სხვადასხვა მიმართულებით გადიოდნენ გადამზადებას, სწავლობდნენ კომპიუტერსა და ინგლისურ ენას, გაიარეს ბავშვებთან მუშაობის ფსიქოლოგიური კურსიც. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზაფხულის პერიოდში ისინი სამაშველო კურსსაც გადიოდნენ. ყველა სკოლაში სამიდან ერთ მანდატურს მაშველის კვალიფიკაცია აქვს.
ყველა მოქმედ მანდატურს ფსიქოლოგიურ ასპექტებზე, სამართალდარღვევებზე რეაგირების წესზე, პროფესიულ ეთიკასა და აკადემიურ წერაზე, უნარშეზღუდულ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან კონტაქტის დამყარებაზე ტრენინგები ჩაუტარდათ, რაც მათ დაეხმარებათ საქმიანობა უფრო ეფექტური გახადონ, სწორი კვალიფიკაცია მისცენ საქმიანობისას გამოვლენილ სამართალდარღვევებს და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ მათზე.
სასწავლო დაწესებულებების მანდატურებმა სამაშველო კურსებიც გაიარეს. სამაშველო საქმიანობა დახმარებისა და საფრთხეებისაგან მოსწავლეთა დაცვის სხვადასხვა მეთოდებისა და საშუალებების ცოდნას მოიცავს, იგულისხმება როგორც ბუნებრივი ასევე, სპონტანურად შექმნილი საფრთხეები. მანდატურებმა შეისწავლეს ქიმიური, რადიაციული და ბიოლოგიური დაბინძურების დროს უსაფრთხოების ნორმების დაცვა, წყალთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან აცილება. მანდატურები პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ნებისმიერ საგანგებო სიტუაციაში შეძლებენ, მათ შორის სატრანსპორტო უბედური შემთხვევის, ხანძარის, მიწის ძვრის, წყალდიდობის, მეწყერის და ა.შ.
ახალი სასწავლო წლიდან ყველა მოქმედი მანდატური სკოლებში სხვადასხვა სახის დარღვევების აღრიცხვის ფურცელს ელექტრონულად შეავსებს. დარღვევის თითოეული ფაქტი კომპიუტერში დაფიქსირდება და სასწავლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს ელექტრონულად გადაეცემა. ეს პროგრამა მანდატურებს სწრაფ და ხარისხიან მუშაობაში დაეხმარება.