განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მენტორ მასწავლებლობის მსურველებისთვის სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა. საგაკვეთილო პროცესს მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილიც დაესწრნენ.
სამოდელო გაკვეთილი ინგლისურ ენაში ჩატარდა. მოწვეულ პედაგოგებს მენტორ-მაძიებლის მუშაობის სპეციფიკა და მეთოდოლოგია აჩვენეს. საჩვენებელ გაკვეთილს სხვადასხვა საჯარო სკოლებიდან მოწვეული პედაგოგები ესწრებოდნენ.
მენტორ მასწავლებლების შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. ამჟამად, მიმდინარეობს კონკურსანტებთან გასაუბრება. მენტორობის მსურველებმა გასაუბრებაზე სამოდელო გაკვეთილი უნდა წარმოადგინონ. მენტორ მასწავლებლის კონკურსში მხოლოდ სერტიფიცირებული მასწავლებლები მონაწილეობენ.
სერტიფიცირებულ მასწავლებლებს, რომელთაც ხელფასზე 75 ლარიანი დანამატი აქვთ, მენტორობის შემთხვევაში ანაზღაურება დამატებით კიდევ 160 ლარით ეზრდებათ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მენტორ მასწავლებლებს კი ხელფასის გაზრდასთან ერთად, დამატებითი კრედიტებიც უგროვდებათ. მენტორ მასწავლებლის პროგრამა უკვე მეორე წელია მოქმედებს. გასულ წელს პროგრამა მხოლოდ 7 ძირითად ქალაქში ფუნქციონირებდა. წელს ეს რიცხვი 10-მდე გაიზარდა. 2011-2012 სასწავლო წლიდან მენტორ მაწავლებლებს მუშაობა შეეძლებათ: თბილისის, გორის, თელავის, ახალციხის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, ოზურგეთისა და რუსთავის სკოლებში.