საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რეგენტთა საბჭოს თავმჯდომარემ კოკა სეფერთელაძემ რეგენტთა საბჭოს პირველი სხდომა გახსნა.
რეგენტთა საბჭო 2011 წლის 10 აგვისტოს საქართველოს მთავრობის №1618 განკარგულების საფუძველზე შეიქმნა და მუშაობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შეუდგა. რეგენტთა საბჭოს მოვალეობაა უმაღლეს საგანმანათლებლო სფეროში მთავრობის პოლიტიკის კოორდინირებულად წარმართვა. სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლების საბჭოს შემადგენლობაში შესვლა კი უმაღლესი განათლების სფეროში სხვადასხვა დარგების ჩართულობას შეუწყობს ხელს.
საბჭოს წევრებმა პირველ სხდომაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან შემოსული ინიციატივები განიხილეს მათი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირად დაფუძნების თაობაზე. საბჭოს წევრებმა მომავალ სამოქმედო გეგმებზეც იმსჯელეს.
რეგენტთა საბჭოს ფუნქციაა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებზე - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების საფინანსო და ქონებრივი ურთიერთობების კოორდინაცია. აღნიშნულ სასწავლებლებს საბჭო კოორდინაციას უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ფარგლებში გაუწევს.
რეგენტთა საბჭოს საქართველოს განათლებისა მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე თავმჯდომარეობს. ხოლო მის შემადგენლობაში შედიან: ნოდარ სურგულაძე (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, საბჭოს მდივანი); გიორგი ჩახნაშვილი ( საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე); ვახტანგ ლეჟავა ( საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი - პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი); დიმიტრი ძაგნიძე (საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე); პაპუნა პეტრიაშვილი (საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე); დავით გიორგაძე (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე).