საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლა გახსნა. პრეზიდენტი სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეებს ესაუბრა და თანამედროვე კაბინეტები დაათვალიერა.
სოფელ მელაანის ახალი სკოლა ორას მოსწავლეზეა გათვლილი.
პროგრმა ,,აინშტაინის’’ ფარგლებში მოწყობილია საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, გახსნილია ინგლისური ენის კაბინეტი, სადაც მოსწავლეებს ინგლისურ ენას პროგრამაში ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ მონაწილე უცხოელი პედაგოგი ასწავლის. სკოლაში, ფუნქციონირებს ასევე ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია და სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების კაბინეტი.
ინკლუზიური მოსწავლეებისათვის დამონტაჟებულია პანდუსი. ამჟამად მელანიის საჯარო სკოლაში 163 მოსწავლე სწავლობს, რომელთა აღზრდას 28 პედაგოგი ემსახურება.
პრეზიდენტმა ათოსანი მეათე კლასელი მოსწავლეები: გიგა ასკილაშვილია, ანნა თაბორიძე და ცისმარი ირომაშვილი, წარჩინებული სწავლისთვის პორტატული კომპიუტერებით დაასაჩუქრა.
მელანიის საჯარო სკოლისთვის ახალი შენობის აგება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც სკოლის ძველი შენობა მთლიანად დაზიანდა და ექსპლუატაციისთვის უვარგისი გახდა. 1998 წლიდან სკოლა სამ სხვადასხვა შენობაში იყო განთავსებული.
ისტორიულად სოფელ მელაანში პირველად ორკლასიანი სკოლა 1882 წელს ნინო ანდრონიკაშვილის მიერ, წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მხარდაჭერით დაარსდა.