სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია დაიწყო
27.09.2011

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული  სასწავლო გეგმების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ და საქართველოს განვითარების სააგენტოს - ”ალიანსი ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლა” - დამფუძნებელმა ლიანა სირაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე დაესწრო.

მემორანდუმის მიზანი ბავშვთა და მოზარდთა ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობაა.

ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლის კონცეფციის  საერთო სტრატეგია   მოსწავლეების ჯანსაღი ცხოვრებისთვის მომზადებას უზრუნველყოფს. სტრატეგია ასევე დაეხმარება პედაგოგებსა და მშობლებს მომავალ თაობებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პოპულარიზაციაში.

აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია მრავალი აქტივობის განხორციელება, კერძოდ:

  • საქართველოს ბავშვებისა და მოზარდებისათვის  ადაპტირებული სასწავლო მასალის შემუშავება;
  • ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების სწავლების დამკვიდრების საერთაშორისო პროცესებში ჩართვა;
  • სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; 
  • მასწავლებელთათვის მეთოდოლოგიური მასალის შექმნის ხელშეწყობა; 
  • ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით რიგი ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება და ა.შ.