სოფელ ჟახუნდერში ახალი სკოლა აშენდა
12.10.2011
ლენტეხის რაიონის სოფელ ჟახუნდერში ახალი სკოლა აშენდა. ახლადაშენებული სკოლა დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ  დაათვალიერა.

100 ბავშვზე გათვლილი ახალი სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა აღჭურვილი. პროგრამა ,,აინშტაინის’’ ფარგლებში მოწყობილია საბუნებისმეტყველო ლაბორატორია; სკოლაში  ფუნქციონირებს ინფორმაციული ტექნოლოგიების კაბინეტი და ბიბლიოთეკა.

სკოლის ძველი შენობა გასული საუკუნის 30-იან წლებში იყო აშენებული და ერთ-ერთ პირველ საგანმანათლებლო კერად ითვლებოდა მესტიასა და ლენტეხში. ამ სკოლაში ოთხი აკადემიკოსი და 20-მდე პროფესორი აღიზარდა.

დროთა განმავლობაში სიძველის გამო სკოლა ავარიული გახდა და რამდენიმე წლის განმავლობაში ბავშვებს სწავლა არაკომფორტულ გარემოში უხდებოდათ. სამინისტრომ გაითვალისწინა სოფლის მოსახლეობის სურვილი და უკვე ახალი სასწავლო წლიდან სოფლის მოზარდები თანამედროვე, კომფორტულ გარემოში აგრძელებენ სწავლას.