157-ე საჯარო სკოლაში წიგნის "ჩემი უფლებები და მოვალეობები" პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და შსს აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ თბილისის №157-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებს ახალი წიგნი "ჩემი უფლებები და მოვალეობები" წარუდგინეს. წიგნი გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის მიერ მომზადდა და 14-18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვისაა განკუთვნილი.
წიგნის მიზანს წარმოადგენს 14 წლიდან 18 წლამდე ასაკის მოზარდთა შორის სამართალდარღვევათა პრევენცია, მათი ცნობიერების ამაღლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, ასევე მათ მიერ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ.
წიგნში საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით, პოპულარულ ენაზე და პრაქტიკული მაგალითების თანხლებით გადმოცემულია, თუ რა უფლებები და მოვალეობები წარმოექმნებათ მოზარდებს გარკვეული ასაკის მიღწევისას, როგორ იცავს კანონი მათ უფლებებს ხელყოფისაგან და როგორია მათი პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისას. ასევე გამახვილებულია ყურადღება არასრულწლოვანთა შორის ყველაზე უფრო გავრცელებულ სამართალდარღვევებზე.
წიგნში შეტანილია უახლესი საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე ადმინიტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართლის ნორმები, რომლებიც ეხება არასრულწლოვნებს.
წიგნის გამოცემა განხორცილედა გეოპოლიტიკური კვლევების საერთშორისო ცენტრის პროექტის „სკოლის მოსწავლეთა - არასრულწლოვანთა უფლებები და მოვალეობები“ ფარგლებში.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი.