შიდა ქართლის რეგიონის მოსწავლეებმა პრეზიდენტის საჩუქარი მიიღეს
25.10.2011

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ტატიშვილმა შიდა ქართლის რეგიონის საჯარო სკოლების 80-მდე მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები - “Lenovo” გადასცეს. კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ მოსწავლეები, რომლებმაც 2010-2011 სასწავლო წელს საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს. ღონისძიება გორის №3 საჯარო სკოლაში გაიმართა.

მოსწავლეთა წახალისების პროექტი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის - ”ჩემი პირველი კომპიუტერი” ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებას.
პროექტი თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდით,  ყველა ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდს სწავლის თანაბარ პირობებს უქმნის.

2011 წელს პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც 2010-2011 სასწავლო წელს  საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარჩინებულ მოსწავლეებს მომავალშიც წაახალისებს.

საქართველოს მასშტაბით წელს კომპიუტერებით სულ 1108  წარმატებული მოსწავლე ჯილდოვდება.