ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა
26.10.2011
ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარება განათლების რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით სკოლებში მიმდინარეობს ტექნიკური საგნების გაძლიერებულად სწავლება,  ხორციელდება სკოლებისა და  უმაღლეს სასწავლო დაწესებულებების სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიებით აღჭურვა. დღეს, ფიზიკის განახლებული სასწავლო ლაბორატორია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გახსნეს.

სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია უახლესი, თანამედროვე კომპიუტერული გამზომი ინსტრუმენტებითა და დანადგარებითაა აღჭურვილი. ლაბორატორია საშუალებას იძლევა გამოყენებითი ფიზიკის მრავალ დარგში დაიგეგმოს და შესრულდეს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები,  ასევე განხორციელდეს  მაგისტრატურისა და დოქტორანტურის დონის სამეცნიერო კვლევები.

ფიზიკის ახალი ლაბორატორიის აღჭურვილობა საშუალებას იძლევა დაახლოებით 80 ლაბორატორიული სამუშაო ჩატარდეს  მექანიკის, მოლეკულური ფიზიკის, ელექტროობის, ოპტიკისა და ატომური ფიზიკის  მიმართულებით.

ლაბორატორიაში ტექნიკური მიმართულების ყველა ფაკულტეტის სტუდენტს აქვს შესაძლებლობა  სასწავლო-კვლევითი სამუშაოები აწარმოოს, ასევე შესაძლებელია შედარებით მარტივი ფიზიკური ცდების ჩატარება, რაც სკოლის მოსწავლეების დაინტერესებასაც იწვევს. ამ მიზნით, იგეგმება მოსწავლეებისთვის საკვირაო სკოლის გამართვა. აღნიშნული ლაბორატორიის გამოყენება შეიძლება  საჯარო სკოლების ფიზიკის მასწავლებელთა თანამედროვე მოთხოვნების დონეზე კვალიფიკაციის ასამაღლებლადაც.