სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მოსწავლეებმა პრეზიდენტის საჩუქარი მიიღეს
04.11.2011

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა გურამ მესაბიშვილმა  რეგიონის საჯარო სკოლების 110 მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები - “Lenovo” გადასცეს. კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ მოსწავლეები, რომლებმაც 2010-2011 სასწავლო წელს საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს. ღონისძიება ზუგდიდის №2 საჯარო სკოლაში გაიმართა. 

მოსწავლეთა წახალისების პროექტი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის - ”ჩემი პირველი კომპიუტერი” ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებას. პროექტი თანამედროვე ტექნოლოგიების  ხელმისაწვდომობის გაზრდით,  ყველა ნიჭიერ და შრომისმოყვარე   მოზარდს  სწავლის  თანაბარ  პირობებს უქმნის. 

2011 წელს პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც 2010-2011 სასწავლო წელს  საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარჩინებულ მოსწავლეებს მომავალშიც წაახალისებს. 

საქართველოს მასშტაბით წელს კომპიუტერებით სულ 1108  წარმატებული მოსწავლე ჯილდოვდება.