საქართველო იუნესკოს განათლების ბიუროს ვიცე-პრეზიდენტი ქვეყანა გახდა
10.02.2010
27 იანვარს ჟენევაში გამართულ იუნესკოს განათლების საერთაშორისო ბიუროს 59-ე სესიაზე  საქართველო ბიუროს ვიცე-პრეზიდენტი გახდა. წელს პრეზიდენტ ქვეყნად ნორვეგია აირჩიეს. 

იუნესკოს განათლების საერთაშორისო ბიუროს მთავარი მიმართულებაა ეროვნული სასწავლო გეგმის, კურიკულუმების შემუშავება. მასში 28 ქვეყანა შედის, რომლებიც ექსპერიმენტებსა და გამოდილებებს მუდმივად უზიარებენ ერთმანეთს.

წელს, საქართველო პირველად შევიდა ამ ქვეყნების რიგში  და 2 წლით დაიკავებს აღნიშნულ პოზიციას. ამიერიდან, ქართველ ექსპერტებს საშუალება ექნებათ აქტიურად იმუშაონ ამერიკელ, შვეიცარიელ, ნორვეგიელ და სხვა ქვეყნების ექსპერტებთან ერთად 2008-2013 წლების ეროვნული სასწავლო პროგრამების სტრატეგიაზე. 

მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საუბრისას აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნისათვის ამ პოზიციის დაკავება დიდი პასუხისმგებლობა და პრესტიჟია. ეს არის იუნესკოს მხრიდან იმ რეფორმების აღიარება რასაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს.