პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები მთავრობის სამოქმედო გეგმას გაეცნენ
11.11.2011

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პროფესიული სასწავლო დაწესებულებების  წარმომადგენლებს შეხვდა და საქართველოს მთავრობის ათპუნქტიანი სამოქმედო გეგმა  გააცნო. სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა ვრცლად ისაუბრა განათლების სისტემაში განხორციელებულ სიახლეებზე, მიმდინარე პროექტებზე და უახლოეს გეგმებზე.

2012 წლიდან იცვლება პროფესიული კოლეჯების დაფინანსების სისტემა, კოლეჯები ვაუჩერული დაფინანსების მოდელზე გადადიან, რაც ხელს შეუწყობს დასაქმების ზრდას, ახალი პროფესიების დანერგვასა და პროფესიული სასწავლებლების განვითარებას.

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული 2011-2015 წლების სამოქმედო გეგმა სრულად მოიცავს განათლების ყველა სფეროს. დიდი ყურადღება აქვს დათმობილი პროფესიულ განათლებას და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების სწავლებას. “პროფესიული განათლების ამოცანაა უკეთესი დასაქმებისთვის შესაძლებლობების შექმნა, რაც უნდა ემყარებოდეს შრომის ბაზრის მოთხოვნებზე რეაგირებას, არჩევანის თავისუფლებას, მეწარმეებთან თანამშრომლობას”-ნათქვამია დოკუმენტში.

პროფესიული სწავლების ხელშეწყობა და განვითარება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია - თანამედროვედ აღიჭურვა და განახლდა პროფესიული კოლეჯების ინფრასტრუქტურა;   გადამზადდა პედაგოგები; ამოქმედდა ახალი სახელობო პროგრამები; შეიქმნა პროფესიული კოლეჯის მასწავლებლის სტანდარტი.

პროფესიულ კოლეჯებში მიღებული განათლებით სტუდენტებს დასაქმების რეალური საშუალება ეძლევათ. სამინისტროს ინიციატივით, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა დასახმარებლად ქვეყნის მაშტაბით  საინფორმაციო ცენტრები შეიქმნა, სადაც დაინტერესებული პირები ყველა საჭირო ინფორმაციას იღებენ.