გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სასწავლებლად 160 ინდოელი სტუდენტი ჩამოვიდა. უცხოელ სტუდენტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე დახვდა.
საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში წარმატებით ხორციელდება სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები, რომლის ფარგლებშიც ბევრი ქართველი სტუდენტი მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებს სწავლას. ბევრი უცხოელისთვის კი, პრიორიტეტული საქართველოში განათლების მიღებაა.
თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ამჟამად 27 ქვეყნიდან ჩამოსული 700-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს, მათი რიცხვი წელს 1000 გადააჭარბებს. საქართველოში პირველად, თსსუ–ში დაინერგა სემესტრული ჩარიცხვები წელიწადში 2-ჯერ: 21 ნოემბერსა და 5 მარტს. ეს სიახლე და თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლების მაღალი დონე განაპირობებს სასწავლებლით უცხოელი სტუდენტების დაინტერესებას.
ახლადჩარიცხულ უცხოელ სტუდენტთა ჩამოსვლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაგრძელდება. მოკლე ხანში აქ 100-ზე მეტი პირველკურსელი ჩამოვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის გერმანიიდან, ისრაელიდან, მალაიზიადან, სინგაპურიდან, ირანიდან, თურქეთიდან, ტრინიდატიდან, ტობაგოდან და ა.შ.
უცხოელი სტუდენტების საპატივცემულოდ თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მთელი რიგი საზეიმო შეხვედრები და ღონისძიებებია დაგეგმილი.