საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს გენერალური დირექტორის მოადგილემ კარი ბრუსტარდიმ საქართველოში ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ახალ საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ამ ხელშეკრულებით 2012 წლამდე გაგრძელდება პროექტი „ინკლუზიური განათლების განვითარება საქართველოს 9 რეგიონის საჯარო სკოლებში“.
პროექტის განხორციელება ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ფინანსური და მეთოდოლოგიური მხარდაჭერით, 2009 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს უნდა დასრულებულიყო. ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, ნორვეგიის მთავრობამ სურვილი გამოთქვა 2012 წლამდე გააგრძელოს პროექტის მოქმედების ვადები.
ნორვეგიის მთავრობა 2006 წლიდან თანამშრომლობს საქართველოსთან. ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საფუძველზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეთათვის განათლების მისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართულებით. კერძოდ:
- სკოლის მიღმა დარჩენილი 600-მდე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე განათლებას საჯარო სკოლებში თანატოლებთან ერთად იღებს;
- განხორციელდა ინკლუზიური განათლების 11 მულტიდისციპლინური გუნდის ფორმირება;
- მოხდა პროექტის ფარგლებში შერჩეული 22 საჯარო სკოლის ფიზიკური გარემოს ადაპტაცია;
- გადამზადდა 2365 პედაგოგი, რესურსცენტრის ხელმძღვანელები, სკოლის დირექტორები;
- ინკლუზიური განათლების სწავლება გაძლიერდა საქართველოს 6 უმაღლეს სასწავლებელში.