საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი შაშკინი შეხვდა დიდი ბრიტანეთის ზოგადი განათლების მინისტრს ნიკ გიბბს, რომელიც აგრეთვე ინგლისის პარლამენტის წევრიც არის.
მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები და პროექტები. დიმიტრი შაშკინმა ნიკ გიბბს გააცნო ის პროგრამები, რომელიც საქართველოში ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების კუთხით ხორციელდება. მათ შორის მინისტრმა ისაუბრა ინგლისური ენის შესწავლაზე პირველი კლასიდან და პროგრამა ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად”, რომლის ფარგლებშიც წელს 1500 ინგლისურენოვანი მოხალისე ჩამოდის საქართველოში. ამ პროექტის განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვის დიდ ბრიტანეთსაც, რადგან მოხალისეების დიდი ნაწილი სწორედ ამ ქვეყნიდან ჩამოდიან.
დიდი ბრიტანეთის ზოგადი განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინს გაუზიარა ინგლისის წარმატებული გამოცდილება განათლების სფეროში, მშობლების ჩართულობის კუთხით.
მინისტრებმა ასევე, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და ქვეყნებს შორის განათლების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
”ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც მოგვცემს საშუალებას გავაძლიეროთ ურთიერთობები განათლების სფეროში. განსაკუთრებით ეს ეხება ინგლისური ენის სწავლებას პირველი კლასიდან და მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას . ჩემი კოლეგა აგრეთვე, დაინტერესდა უსაფრთხო სკოლის კონცეფციით და მანდატურების სამსახურის დანერგვით. ის პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაწუხებდა სკოლებში ძალადობის მხრივ, არის აქტუალური ბრიტანეთის სკლებისთვისაც და ამ მხრივ, ჩვენი გამოცდილების გაზიარება ვფიქრობ, მათთვის საინტერესო იქნება”.