გამოცდების ახალი ციკლისთვის მზადება დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საგამოცდო კომისიის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და 2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვებ, ერთიან ეროვნულ და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
ტესტური დავალებები საატესტატო და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელსაც ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით შედგება და მასში საკითხები მხოლოდ სასკოლო პროგრამიდან შევა. იმისათვის, რომ ყველას ინტერესები თანაბრად იყოს დაცული, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე პედაგოგებს მხოლოდ მასწავლებლის სტანდარტით განსაზღვრული საკითხების ცოდნა მოეთხოვებათ.
სკოლებში აქტიურად მიმდინარეობს საატესტატო გამოცდებისთვის მზადება. აბიტურის საათები, რომელიც ყველა საჯარო სკოლაში ტარდება, მოსწავლეებს საშუალებას აძლევს კიდევ ერთხელ გაიმეორონ მასალა. ამ მასალაზე დაფუძნებული ტესტური დავალებით მოუწევთ მოსწავლეებს გამოცდების ჩაბარება.
მიმდინარეობს სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მასწავლებელთა გადამზადებაც.