საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის საჯარო სკოლების 200-მდე მეთორემეტეკლასელს შეხვდა და ის ცვლილებები გააცნო, რომელიც უმაღლესი განათლების შესახებ კანონში 2012 წლის 1 იანვრიდან შევა. ლიბერალური ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება:
1. აბიტურიენტთა მეორადი ჩარიცხვების გაუქმება;
2. სამედიცინო (სამკურნალო, ფარმაცევტულ და სტომატოლოგიურ მიმართულებებზე) და იურიდიულ ფაკულტეტებზე მინიმალური ზღვარის გაზრდა;
3. უმაღლესი სასწავლებლებისთვის შეზღუდვების დაწესება;
4. ცვლილება სტუდენტთა მობილობის წესში;
5. უცხოეთში მცხოვრები მოქალაქისთვის საქართველოში სწავლის დაწყების პროცედურის გამარტივება;
6. ცვლილებები უმაღლეს პროფესიულ განათლებაში.
2012 წლიდან აბიუტურიენტთა მეორადი ჩარიცხვები უქმდება. შვიდის ნაცვლად, აბიტურიენტი თავიდანვე ოც სასურველ ფაკულტეტს აირჩევს. უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების მსურველს უფართოვდება მისთვის სასურველი ფაკულტეტის შერჩევის არეალი, თუმცა მისი ჩარიცხვა მხოლოდ ერთხელ გაკეთებული არჩევანის საფუძველზე მოხდება. ამით გამოცდების საბოლოო შედეგების გამოცხადება დაჩქარდება და იგი ნაცვლად ოქტომბრისა, 25 აგვისტომდე გახდება ცნობილი. ამდენად, 2012 წელი აბიტურიენტებისა და მათი მშობლებისთვის ნაკლებად სტრესული და უფრო კომფორტული იქნება.
მომავალი წლიდან ორ სპეციალობაზე - სამედიცინო ფაკულტეტის სამკურნალო, ფარმაცევტულ და სტომატოლოგიურ მიმართულებებზე და იურიდიულ ფაკულტეტზე კომპეტენციის მინიმალური ზღვარი 10-10%-ით გაიზრდება და 35% გახდება. ხოლო უცხო ენაში ზღვარი 30% გახდება. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო ფაკულტეტის ყველა დანარჩენ მიმართულებებზე ზღვარი იგივე რჩება.
უმაღლეს სასწავლებლებს შეზღუდვები უწესდებათ და ყველა მათგანი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეოთხე საგანს მხოლოდ მაპროფირებელი მიმართულებიდან აირჩევს. აქამდე მეოთხე საგანს თავად უმაღლესი ირჩევდა და მიუხედავად მკაცრი პოლიტიკისა, არსებობდნენ უნივერსიტეტები, სადაც სამედიცინო ფაკულტეტზე მეოთხე გამოცდას აბიტურიენტები არა ქიმია-ბიოლოგიაში, არამედ ისტორიაში ან გეოგრაფიაში აბარებდნენ.
ცვლილება შედის კანონში მობილობასთან დაკავშირებით. სტუდენტთა მობილობა იზღუდება იმ თვალსაზრისით, რომ მაგალითად, ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი სამედიცინოს სტუდენტი ვერ გახდება, ვიდრე ის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეოთხე განსხვავებულ გამოცდას შესაბამის საგანში არ ჩააბარებს. სტუდენტს, რომელიც მობილობით იცვლის ფაკულტეტს კრედიტები უნარჩუნდება.
მარტივდება უცხო ქვეყნიდან ჩამოსული მოსწავლის ან სტუდენტის სასწავლო დაწესებულებაში მიღების წესი, 2012 წლიდან ისინი სასურველ სასწავლებელში განაცხადის გაკეთებიდან 48 საათის განმვალობაში შეძლებენ სწავლის დაწყებას. საჭირო დოკუმენტაციის ნამდვილობის დადასტურება კი პარალელურ რეჟიმში მოხდება. ცვლილების განხორციელებამდე უცხოეთიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველს ლოდინი რამდენიმე თვის განმავლობაში უწევდა.
ჩარიცხვის მექანიზმი უმაღლესი პროფესიული განათლების მიმართულებითაც იცვლება. სიახლე უმაღლესი პროფესიული განათლების IV და V დონეებს ეხება. ახალი წესით, აბიტურიენტები უმაღლეს პროფესიულ სასწავლებლებში ისეთივე პრინციპით მოხვდებიან, როგორც მაგისტრატურაში, ისინი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგად უნარებს ჩააბარებენ და აგვისტოში აირჩევენ სასურველ სპეციალობებს. სტუდენტი წინასწარ არ აფიქსირებს, თუ სად აპირებს სწავლის გაგრძელებას.