საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ გარდაბანში ქართული ენის სახლი გახსნეს. ქართული ენის სახლში ამ რაიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ქართულ ენას გაძლიერებულად შეისწავლიან. სახელმწიფო ენის დაუფლება აქ ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლება.
ახლადგახსნილ ქართული ენის სახლში სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებს, საჯარო მოხელეებს, აბიტურიენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს სპეციალურად შექმნილი სახელმძღვანელოებით ქართულ ენას დაჩქარებული წესით შეასწავლიან. მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა პედაგოგი, რომელიც არაქართულენოვან სკოლაში საგანს ბილინგვურად ანუ, მშობლიურ ენასთან ერთად ქართულადაც ასწავლის ხელფასზე დანამატის სახით 200 ლარს მიიღებს.
სამინისტროს მიერ გატარებული ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ეროვნული უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციაა. ამ მიზნით სამინისტრო მრავალ პროექტს ახორციელებს, მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის გაძლიერებულად სწავლებას ენიჭება. მოქმედებს პროექტი ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის’’. ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა რეგიონში დაგეგმილია ქართული ენის სახლის გახსნა.
სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში უკვე ფუნქციონირებს ოთხი ქართული ენის სახლი. მომავალი წლიდან ასეთი ცენტრები ამ რეგიონების სხვა რაიონებშიც დაიწყებს ფუნქციონირებას, ქართული ენის სახლის გახსნა დაგეგმილია კახეთშიც.
ქართული ენის სახლებისთვის საგანგებოდ მომზადდა პროგრამები, შეირჩნენ და გადამზადდნენ პედაგოგები, შენობა აღჭურვილია საჭირო ინვენტარით, აუდიო-ვიდეო აპარატურითა და სასწავლო-ვიზუალური მასალით. ასეთ ცენტრებში კვალიფიციური პედაგოგები ეროვნული უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის ფლობის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფენ და თანაბარ პირობებს უქმნიან ყველა მსურველს, მიიღონ განათლება და გაიღრმავონ ენის ცოდნა.
ქართული ენის სახლებს კოორდინაციას ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა უწევს. ეს სკოლა პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და იგი სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელ საჯარო მოხელეთათვის პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამების შედგენასა და განხორციელებას უზრუნველყოფს.
ქართული ენის სახლების მსმენელებს, სურვილის შემთხვევაში, ასევე შეუძლიათ ქართული ენის ინტენსიური სწავლების კურსი და სახელმწიფო მართვის პროგრამა ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაშიც გაიარონ.