მინისტრი ინგლისურენოვან პედაგოგებს შეხვდა
07.12.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სამინისტროს საგანმანათლებლო პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ (TLG) წარმომადგენლები  თბილისის, რუსთავის, გორის, კასპის, ხაშურის, საგარეჯოს, მცხეთის საჯარო სკოლების უცხოელ მოხალისე მასწავლებლებს შეხვდნენ.

მინისტრთან მორიგი სამუშაო შეხვედრის მიზანს საქართველოს განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობის, მიმდინარე სიახლეებისა და მომავალი გეგმების განხილვა წარმოადგენდა. შეხვედრაზე  ასევე შეჯამდა უშუალოდ პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“  ფარგლებში განხორციელებული პროექტები და დაიგეგმა ახალი აქტივობები.

მინისტრის მოხსენების შემდეგ გაიმართა სესია, სადაც პროგრამის მონაწილე მოხალისე მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო შეკითხვები დაესვათ მინისტრისა და ღონისძიების სხვა მონაწილეებისათვის.

„ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ პროგრამის მონაწილე მოხალისე მასწავლებლებთან ანალოგიური სამუშაო შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში სისტემატიურად იმართება.