საქართველოსა და გერმანიის კვლევით ინსტიტუტებსა და მეცნიერებს შორის თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და იულიხის სამეცნიერო ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა და იულიხის სამეცნიერო ცენტრის დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელმა პროფესორმა სებასტიან შმიდტმა მოაწერეს.
დოკუმენტი ახალგაზრდა ქართველი მეცნიერების იულიხის სამეცნიერო ცენტრის ბაზაზე მუშაობას, იქ მიმდინარე კვლევით საქმიანობაში ჩართვას ითვალისწინებს. ახალგაზრდა მკვლევრები გერმანიის სამეცნიერო ორგანიზაციებში უკვე მომავალი წლიდან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის შესაბამისი საგრანტო კონკურსის საფუძველზე გაემგზავრებიან. მემორანდუმის ფარგლებში, ასევე, იგეგმება სხვა ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის სულხან სისაურის განცხადებით, დასავლეთის წამყვან სამეცნიერო ორგანიზაციებთან საქმიანი კონტაქტების ჩამოყალიბება საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის ამაღლებისა და განვითარებისათვის ერთერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. მისი თქმით, იულიხის სამეცნიერო ცენტრთან დაწყებული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართველი მკვლევრების კვალიფიკაციის ამაღლებას და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ადაპტაციას.
იულიხის სამეცნიერო ცენტრი უმსხვილესი ევროპული სამეცნიერო ორგანიზაციაა, რომელიც სხვადასხვა პროფილის 40-ზე მეტ კვლევით ინსტიტუტს აერთიანებს.