საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე
ქურდაძემ ინკლუზიური განათლების სფეროში შეტანილი წვლილისათვის
მულტიდისციპლინური გუნდის 40 წევრს მადლობის სიგელები გადასცა.
ეს ადამიანები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების
შეფასებას ახდენენ და მათ საგანმანათლებლო სივრცეში ეფექტურად ჩართვას
უზრუნველყოფენ.
სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ინკლუზიური განათლების დანერგვის გზით, ყველასათვის ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო სივრცის შექმნა წარმოადგენს. სკოლებში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს მასშტაბით 11 მულტიდისციპლინური გუნდის არსებობა. თბილისის გუნდი 9 წევრისაგან შედგება და დედაქალაქს ემსახურება. რეგიონალურ გუნდში 31 პროფესიონალია გაერთიანებული, რომლებიც 9 რეგიონის სამიზნე და დამატებით მუნიციპალიტეტებს ემსახურებიან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდი პასუხისმგებელია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების შეფასებასა და ინკლუზიური განათლების საკითხებზე პედაგოგებისა და მშობლების კონსულტირებაზე. გუნდის წევრები ასევე საჭიროების შემთხვევაში მასწავლებლებისთვის ტრენინგებს ატარებენ.