საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე სამინისტროს დელეგაციასთან ერთად სურინამის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტად იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში ნოდარ სურგულაძემ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებს საქართველოში წარმოებული 100 კომპიუტერი ”ბუკი” და ხუთი ,,ჭკვიანი დაფა” (smart board) გადასცა. ასევე მინისტრის მოადგილე გაცვლითი პროგრამების ამოქმედებასთან დაკავშირებით, სურინამის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია, სადაც გადაწყდა, რომ საქართველოს მთავრობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ხუთი სურინამელი მოქალაქის სწავლებას სრულად დააფინანსებს.
სურინამის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუმრობისას სამინისტროს დელეგაცია სასწავლებლის სტრუქტურას, მიმდინარე პროგრამებს, დოკუმენტების აღიარებისა და ჩვენ სისტემასთან შესაბამისობის საკითხებს გაეცნო და ის დეტალები გაარკვია, რაც სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის ამოქმედებასთანაა დაკავშირებული.
სამხრეთ ამერიკის რესპუბლიკაში მყოფმა ქართულმა დელეგაციამ ოფიციალური შეხვედრები სურინამის განათლებისა და საზოგადოებრივი განვითარების, საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრებთან გამართა.
ვიზიტისს ფარგლებში ორგანიზებულ თითოეულ შეხვედრაზე მასპინძლები ინტერესდებოდნენ როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული მდგომარეობით ისე, მთლიანად ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებით.
სურინამის რესპუბლიკაში ქართულ დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა და ყველა შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სურინამში ოთარ ბერძენიშვილი.