საჯარო სამართლის იურიდიული პირი − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შედარებითი ანალიზი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს თავის ფინანსებსა და ქონებას.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონებისა და ფინანსების ნაწილი სამართავად გადაეცემა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შექმნილ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდს.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ზედამხედველობით უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი კოლეგიური ორგანო რეგენტთა საბჭო.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ, გარდა სამხედრო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირების − სამხედრო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ შესაბამისი სამინისტროები.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს კანონით ან მისი სადამფუძნებლო დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნების შესაბამისი საქმიანობა.
კერძო სამართლის იურიდიულ პირს (არაკომერციულს) უფლება აქვს განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს საქმიანობა მისი სადამფუძნებლო დოკუმენტებით გათვალისწინებული.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზნების რეალიზებას. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას მხოლოდ ისეთი საჯარო მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად, რომელთა განხორციელება უშუალოდ არ შედის სახელმწიფო მმართველობის ორგანოების კომპეტენციაში. თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე, შესაბამისი სახელმწიფო მმართველობის ორგანო ვალდებულია დააყენოს ამ პირის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საკითხი.
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მართავს ხელმძღვანელი, რომელიც შესაბამისი კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების, წესდების (დებულების) და წევრთა გადაწყვეტილებების (თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი წევრობაზეა დაფუძნებული) ფარგლებში დამოუკიდებლად მოქმედებს. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად. მასვე ეკისრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელი/წევრი უფლებამოსილია ერთ პირს მიანიჭოს საქმეების ერთპიროვნულად გაძღოლის უფლებამოსილება ან/და დააწესოს ორი ან ორზე მეტი პირის ერთობლივი ხელმძღვანელობა ან/და წარმომადგენლობა. ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც.