საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამის ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილეთა მეორე ნაკადს შეხვდა.
პროგრამა ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” 2011 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა. სახელმწიფო ენის სწავლებაზე ორიენტირებულ სხვა ღონისძიებებთან ერთად, პროგრამის ერთ-ერთ უმთავრეს კომპონენტს სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რაიონების არაქართულენოვან სკოლებში მოხალისე ქართული ენის პედაგოგების გაგზავნა წარმოადგენს.
შერჩეული 150 პედაგოგი სექტემბრიდან უკვე ასწავლის სკოლებში, მათ რიგებს ახალი 160 პედაგოგი შეემატება. მოხალისე პედაგოგების შერჩევა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა, რეგისტრაცია 700-მდე კანდიდატმა გაიარა, ხოლო ტესტირებისა და გასაუბრების შედეგად საუკეთესო 160 მონაწილე შეირჩა.
პროგრამის მონაწილეები, რეგიონებში გამგზავრებამდე სპეციალურ მომზადებას გაივლიან, სადაც სწავლების თანამედროვე მეთოდებს გაეცნობიან. ისინი სკოლებში ქართული ენის გაკვეთილებს ადგილობრივ მასწავლებლებთად ერთად ჩაატარებენ, ადგილობრივ ოჯახებში იცხოვრებენ და მათაც დაეხმარებიან ქართული ენის სწავლის პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ, სახელმწიფო ბაკალავრის ხარისხის მქონე მოხალისე პედაგოგებს მაგისტრატურაში სწავლის ხარჯებს სრულად დაუფინანსებს. პედაგოგთა მეორე ნაკადი მუშაობას მეორე სემესტრის დასაწყისიდან შეუდგება.
მოხალისე ქართული ენის პედაგოგი უკვე ყველა არაქართულენოვან სკოლაში იქნება და ამავდროულად ორი ან მეტი პედაგოგი გაიგზავნება იმ სკოლებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა მაღალია.
პროგრამაში მონაწილეობა შეეძლოთ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, ვისთვისაც ქართული მშობლიური ენაა.