საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში ახლადაშენებული სკოლა გახსნეს. სკოლა 300 მოსწავლეზეა გათვლილი, აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, ინვენტარით და სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს.
ნოქალაქევის საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს „აინშტაინის“ საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ტექნოლოგიების კაბინეტი, სპორტული დარბაზი (გასახდელებითა და საშხაპეებით), სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქომე მოსწავლეებისათვის მოწყობილია პანდუსი და რესურსოთახი.
ახალ სკოლას აქვს სასადილო, ბიბლიოთეკა წიგნების საცავით, მანდატურის ოთახი, ახალი ინვენტარით აღჭურვილი სპორტული დარბაზი. სკოლას თანამედროვე გათბობის სისტემა ემსახურება და აქვს საკუთარი წყლის ჭაბურღილი.
სკოლაში ამჟამად 200-მდე მოსწავლე სწავლობს და ასწავლის 27 მასწავლებელი, მათ შორის ორი სერტიფიცირებული. ასევე სკოლაში ასწავლის ინგლისურენოვანი პედაგოგი. სკოლას ჰყავს მედალოსნები, სხვადასხვა კონკურსებსა და პროექტებში გამარჯვებული მოსწავლეები, კურსდამთავრებულები წარმატებით აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს.
პრეზიდენტი სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში Smart Board-ის გამოყენებით გაეცნო ახალ საგანმანათლებლო პროექტს-Skool საქართველოს, რომელიც კიდევ ერთი რესურსია განათლების მისაღებად. პროექტი არის საქართველოს განათლების სამინისტროსა და Intel-ის წამოწყებული ინიციატივა, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს საგანმანათლებლო რესურსებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მათემატიაკში ზოგადი განათლების სამივე საფეხურისათვის. პროექტი არის სპეციალურად მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის ადაპტირებული რესურსი, რომელიც ხელს შეუწყობს სწავლების პროცესს.
პრეზიდენტმა აგრეთვე, სკოლის ორ წარჩინებულ მოსწავლეს საჩუქრად პორტატული კომპიუტერებიც გადასცა.
Video