საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ხუთწლიან სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყო. განათლების სფეროში გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების მიზნით, მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს კომისიის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელეს:
- საქართველოში საერთაშორისო IBI ბაკალავრიატის ამოქმედება;
- როგორ ემზადებიან უმაღლესები ინგლისური ენის B1, B2 დონის გამოცდებისთვის (2015 წლიდან სტუდენტებს ბაკალავრის დიპლომის მისაღებად ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება B1, B2 დონეზე მოუწევთ);
- უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დახვეწა;
- უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში უცხოელი ლექტორების მოწვევა;
- სასწავლო დაწესებულებათა აკრედიტაციის პროცესი;
- წარმატებული სპორტმენებისთვის უმაღლესებში ჩარიცხვისას ქვოტების დადგენა;
- უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ბაზაზე პროფესიული კოლეჯების დაარსების შესაძლებლობა;
- საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების დახვეწა.
სამინისტროში სპეციალური კომისია გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავების მიზნით შეიქმნა, მის შემადგენლობაში არიან: განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს წარმომადგენლები, საქართველოს წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები. კომისია იმ პრიორიტეტებს შეიმუშავებს, რომელთაც სამინისტრო მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში ეტაპობრივად განახორციელებს.
Video