საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მასწავლებლის სახლში თბილისის საჯარო სკოლების 200-მდე სპორტის მასწავლებელს შეხვდა და მათ სერტიფიცირებასთან დაკავშირებული სიახლე გააცნო - იქმნება სპორტის საგნობრივი საგამოცდო პროგრამები და დგინდება ის კრიტერიუმები, რაც ამ დისციპლინის პედაგოგებს საგამოცდოდ მოეთხოვებათ.
გასულ წელს სპორტის, მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგებს მხოლოდ პროფესიულ უნარებში შეეძლოთ ერთი გამოცდის ჩაბარება, მომავალში ისინი უკვე საგნობრივ ნაწილსაც ჩააბარებენ და ორი სავალდებულო გამოცდის გავლის შემდეგ სერტიფიკატის მოპოვებას შეძლებენ.
სპორტის პედაგოგთა საგამოცდო პროგრამების შემუშავებაზე სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციების წარმომადგენლები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტებთან ერთად მუშაობენ.
სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სპორტის მიმართულების პედაგოგების საგნობრივ ნაწილში გადამზადებას და საგამოცდოდ მათ მომზადებას უზრუნველყოფს. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, გაზრდილ ხელფასებს სპორტის, მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებიც მიიღებენ.
Video