საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ესთეტიკური აღზრდის პედაგოგთა საგნობრივ საგამოცდო პროგრამებზე მუშაობენ და იმ კრიტერიუმებს ადგენენ, რაც ამ დისციპლინების პედაგოგებს სასერტიფიკაციო გამოცდაზე მოეთხოვებათ. ეს სიახლე მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ მასწავლებლის სახლში შეკრებილ თბილისის საჯარო სკოლების 200-მდე მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელს გააცნო.
გასულ წელს მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგებს მხოლოდ პროფესიულ უნარებში შეეძლოთ ერთი გამოცდის ჩაბარება, მომავალში ისინი უკვე საგნობრივ ნაწილსაც ჩააბარებენ და ორი სავალდებულო გამოცდის გავლის შემდეგ სერტიფიკატის მოპოვებას შეძლებენ.
ესთეტიკური აღზრდის პედაგოგთა საგამოცდო პროგრამებზე ხელოვნების დარგების წარმომადგენლები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტებთან ერთად მუშაობენ. უახლოეს მომავალში პროგრამა მზად იქნება და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტები ხელოვნების მიმართულების პედაგოგთა საგნობრივ ნაწილში გადამზადებას და საგამოცდოდ მათ მომზადებას დაიწყებენ.
სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, გაზრდილ ხელფასებს უკვე მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებიც მიიღებენ.
Video