დიმიტრი შაშკინი 175-ე საჯარო სკოლაში სპორტის გაკვეთილს დაესწრო
02.02.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი  თბილისის 175-ე საჯარო სკოლის საცურაო აუზზე, სპორტის გაკვეთილის ფარგლებში ორგანიზებულ უმცროსკლასელთა შეჯიბრებას დაესწრო და გამარჯვებული მოსწავლეები დაასაჩუქრა. გასულ წელს პრეზიდენტის ინიცირებული პროექტის ფარგლებში, რომელიც ფიზკულტურის სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლებას გულისხმობს, №175 სკოლაში საცურაო  აუზი გაიხსნა და ცურვისა და წყალბურთის გაკვეთილები დაინერგა. 

175-ე საჯარო სკოლაში დიდი დაინტერესება გამოიწვია სპორტის გაკვეთილებმა და უკვე ერთი წელია ამ სკოლის მოზარდები ფეხბურთთან, კალათბურთთან და ფრენბურთთან ერთად, ცურვასა და წყალბურთს ეუფლებიან, სპორტის ამ სახეობებში გაკვეთილები ტარდება, იმართება სასკოლო ტურნირებიც. 175-ე საჯარო სკოლის საცურაო აუზით  მუხიანის დასახლებაში მდებარე სხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებიც სარგებლობენ და ერთობლივ სპორტულ ღონისძიებებშიც მონაწილეობენ.

თბილისის №175-ე  საჯარო სკოლაში 2 000-მდე  მოსწავლე სწავლობს და 135 პედაგოგი მოღვაწეობს.  კურსდამთავრებულები წარმატებით აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს, მონაწილეობენ სასკოლო ოლიმპიადებსა და სხვადასხვა კონკურსებში. გასულ წელს სკოლას 12 ოქროსა და 6 ვერცხლისმედალოსანი ჰყავდა.

Video