საქართველო იუნესკოს განათლების საერთაშორისო ბიუროს მმართველი საბჭოს ვიცე პრეზიდენტ ქვეყნად მეორე ვადით აირჩიეს. ეს არის საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებისა და მიღწევების პირდაპირი აღიარება ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, როგორიც იუნესკოა. ამასვე ადასტურებს სოციოლოგიური კვლევის საერთაშორისო ორგანიზაცია ”გელაპის” მიერ ჩატარებული ბოლო კვლევები, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 67% მხარს უჭერს და ენდობა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმას.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ბრიფინგი გამართა. ღონისძიებას საქართველოში იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი ქეთევან კანდელაკი დაესწრო.
იუნესკოს განათლების საერთაშორისო ბიუროს აქტივობებში მნიშვნელოვანი როლის შესრულების, კონსტრუქციული, წარმატებული მოღვაწეობისა და საკუთარ ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების გამო, იუნეკოს განათლების საბჭომ ახალი ვადით (2012-2013), ხმათა უმრავლესობით, საქართველო კვლავ ვიცე პრეზიდენტ, ხოლო ნორვეგია პრეზიდენტ ქვეყანად აირჩია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განვლილი და მიმდინარე წლების ანალოგიურად, კვლავ გააგრძელებს აქტიურად მონაწილეობას იუნესკოს განათლების ბიუროს ეგიდით გამართულ სამუშაო შეხვედრებსა და სემინარებში. სამინისტრო მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს საბჭოს სტრატეგიის განხორციელებაში, რომელიც გლობალურ შედეგებზეა ორიენტირებული და მსოფლიოს მასშტაბით განათლების ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაზრდას ითვალისწინებს.
Video