საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაცია მინისტრის დიმიტრი შაშკინის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” და ორგანიზაცია ESL certified – Banaoco International-ს შორის შეთანხმებას.
მემორანდუმის ფარგლებში, ESL certified – Banaoco International-ი უზრუნველყოფს პროექტის შესახებ უცხოელი მოხალისეების ინფორმირებას და მსურველებს დახმარებას გაუწევს პროგრამაში ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ჩაერთონ. ასევე გადაამზადებს მსურველებს ინგლისურის, როგორც მეორე ენის სწავლების ფარგლებში და სერტიფიცირებულ მასწავლებლებს შესაძლებლობას მისცემს, საქართველოში ასწავლონ.
საქართველოში ინგლისურენოვანი მასწავლებლების ჩამოყვანის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს კანადურ, ამერიკულ და ბრიტანულ ორგანიზაციებთან.
პროექტის ფარგლებში, საქართველოში ჩამოსული მოხალისე მასწავლებლები სპეციალურად ამ პროგრამისთვის არიან შერჩეულნი. პედაგოგებს შესაბამისი კვალიფიკაცია და ასეთ საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება აქვთ.
პროექტი ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ უკვე მეორე წელია წარმატებით მიმდინარეობს. ინგლისურენოვანი მოხალისე პედაგოგები ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად მთელი საქართველოს მასშტაბით მოსწავლეებს ინგლისურს გაძლიერებულად ასწავლიან.
2012 წლის ბოლომდე საქართველოში 1500 მოხალისე პედაგოგის ჩამოყვანა იგეგმება.