ეროვნული სამეცნიერო ფონდი საკონფერენციო გრანტების კონკურსს აცხადებს
18.02.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს, კონგრესებს, ფორუმებს, სიმპოზიუმებსა და სემინარებს დააფინანსებს. დასაფინანსებელი პროექტები სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო გრანტების კონკურსის შედეგად გამოვლინდება. 

კონკურსის მიზანია საქართველოში საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა, ქართველ მკვლევართა სამეცნიერო შედეგების უცხოელი კოლეგებისათვის გაცნობა და ამ გზით ქართველ მეცნიერთა მსოფლიო პროცესებში ინტეგრაცია.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აკადემიური ხარისხისა და სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირებს, რომელთა ღონისძიება დაგეგმილია 2012 წლის 17 აპრილიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში. განაცხადები შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ-გვერდზე www.rustaveli.org.ge 27 თებერვლიდან 31 მარტამდე ელექტრონულად მიიღება. კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ სამეცნიერო ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 30 000 ლარით დააფინანსებს.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის სულხან სისაურის განცხადებით, საკონფერენციო გრანტების კონკურსი ხელს შეუწყობს საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის ამაღლებას, ქართველი მეცნიერების ადგილობრივ და უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობის გაღრმავებას.

Video