”ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში, რუსეთთან ომში დაღუპული გმირების მოსაგონრად ”წითელი ყაყაჩოს” აქცია დაიწყო. აქციის ფარგლებში მოსწავლეები წითელ ყაყაჩოს დაიბნევენ და ამით პატივს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპულ გმირებს მიაგებენ. აქციას, რომელმაც სტარტი თბილისის კლასიკური გიმნაზიიდან დღეს აიღო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და საგამომცემლო სახლის „პრაიმტაიმის“ დამფუძნებელი თამარ ფხაკაძე შეუერთდნენ.
მოსწავლეების მიერ მკერდზე დაბნეულ წითელ ყაყაჩოს ორგვარი დატვირთვა აქვს, ის ერთდროულად მშვიდობის და ხსოვნის სიმბოლოა - ჩვენ აღარ გვინდა ომი და მუდამ უნდა გვახსოვდეს ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად სამშობლო ოკუპანტებისაგან იხსნეს!
თბილისის კლასიკური გიმნაზიიდან დაწყებული აქცია კვირის განმავლობაში მთელ საქართველოს მოიცავს და მასში ყველა მოსწავლე ჩაერთვება. ”წითელი ყაყაჩოს” აქცია საგამომცემლო სახლის „პრაიმტაიმის“ ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.