საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ”განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის” (EMIS) ახლადშექმნილი სსიპ-ის სტრუქტურისა და არსებული და სამომავლო პროექტების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.
EMIS-ი ცალკე სტრუქტურად 2012 წლიდან ჩამოყალიბდა. ახლადშექმნილი სსიპ-ის ძირითადი მიზანია თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებისა და ახალი ელექტრონული მართვის სისტემების შექმნის გზით, განათლების სისტემის მხარდაჭერა.
2012 წლამდე EMIS-ი სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდა და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით. EMIS-ის მიერ 2011 წელს პირველად ჩატარდა საატესტატო გამოცდები cat-ის ტექნოლოგიების გამოყენებით, დასრულდა ყველა საჯარო სკოლის ინტერნეტიზაცია, სკოლები აღიჭურვა ახალი კომპიუტერებითა და სერვერებით.
სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა EMIS-ის ახლანდელი და სამომავლო შესაძლებლობები. ასევე მოხდა დამწრეთა ინფორმირება იმ რეფორმებზე, რომელიც საქართველოს განათლების საინფორმაციო სისტემის ირგვლივ მიმდინარეობს, კერძოდ, ისეთ მნიშვნელოვან პროცესებზე, როგორიცაა მოსწავლეების, მასწავლებლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების სრულყოფილი ელექტრონული ბაზის შექმნა.
საინფორმაციო სისტემის შესაქმნელად, EMIS-ი მჭიდროდ თანამშრომლობს USAID-ის განათლების მართვის პროექტთან, რომელიც აგროვებს და ამუშავებს დახვეწილ და შემოწმებად მონაცემებს და ამ მონაცემებზე დაყრდნობით გადაწვეტილებების მისაღებად ანგარიშებს აწარმოებს.
EMIS-ის ბაზაზე ფუნქციონირებს IT აკადემია, რომელიც მსურველებს სთავაზობს მაღალი ხარისხის პროფესიულ კურსებს ინფორმაციული ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებებით და ხელს უწყობს კონკურენტუნარიანი პროფესიონალების მომზადებას.
Video