საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის მერიისა და საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიას ორგანიზებით ”განათლების საერთაშორისო გამოფენა 2012” იმართება. გამოფენა დღეს მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გახსნა.
მიმდინარე წლის 23-26 თებერვალს საგამოფენო ცენტრის მე-11 პავილიონში საქართველოს 81 საგანმანათლებლო დაწესებულება და 13 უცხოური უნივერსიტეტი, კოლეჯი და უმაღლესი სკოლა თავის პროგრამებს წარმოადგენს და მათ ფართო საზოგადოებას გააცნობს.
საერთაშორისო გამოფენის ორგანიზება, ახალი სასწავლო პროექტების პრეზენტაციები და საგანმანათლებლო სისტემაში განხორციელებული ინიციატივების განხილვა ძალზე მნიშვნელოვანია.
განათლების რეფორმის ფარგლებში, დაიხვეწა და თანამედროვე სტანდარტებს მოერგო პროგრამები, რომლებიც საქართველოს სასწავლო დაწესებულებებში ხორციელდება, რაც შეეხება სწავლას იგი ხელმისაწვდომია ყველა მოქალაქისთვის, მიუხედავად სოციალური ფენისა, რელიგიური აღმსარებლობისა თუ წარმოშობისა, ყველას აქვს სრულყოფილი განათლებისა და თვითრეალიზების საშუალება. სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ გაეროს ეგიდით ჩატარებული კვლევების მიხედვით, საქართველო განათლების ხელმისაწვდომობით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.
გამოფენის დღეებში ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება სრული ინფორმაცია მიიღოს როგორც კერძო ასევე, სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებათა საგანმანათლებლო პროგრამებზე. გამოფენაში მონაწილეობენ საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციებიც, რომელთა ძირითად მიზანს საგანმანათლებლო სექტორის განვითარება და ხელშეწყობა წარმოადგენს.
გამოფენის ფარგლებში მოეწყობა პრეზენტაციები და ჩატარდება “ღია კარის დღეები”.