მეექვსე საავტორო სკოლაში რუსული ოკუპაციისადმი მიძღვნილი სემინარი გაიმართა
25.02.2012
მეექვსე საავტორო სკოლის გურამ რამიშვილის სახელობის სასწავლო-შემოქმედებითმა ლაბორატორიამ თავისი პირველი პრეზენტაცია 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის  თემას მიუძღვნა. სკოლის მოსწავლეები რამდენიმე კვირის განმავლობაში იძიებდნენ, კითხულობდნენ, ნახულობდნენ და განიცდიდნენ იმას, რაც ჩვენი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ფურცლებია და რასაც რუსული ოკუპაცია ჰქვია. 

”ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში მოსწავლეებმა დაწერეს თავისუფალი თემა ,,ჩემი თვალით დანახული 25 თებერვალი”. ერთ-ერთი გოგონას თემა ასე იწყება: ,,ჩემთვის და ჩემი თაობისთვის 1921 წლის 25 თებერვალი 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყო”...

სემინარის ორგანიზატორების განცხადებით, აუცილებელია ამ თაობამ გაითავისოს,  ანალიტიკურად თუ ემოციურად აღიქვას 1921 და 2008 წლებში განვითარებული მოვლენები და შესაბამისი  დასკვნები გამოიტანოს, რათა არ განმეორდეს წარსული.