პირველი ლედი სამტრედიის №11 საჯარო სკოლაში
24.02.2012
საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან ირინე ქურდაძესთან ერთად სამტრედიის №11 საჯარო სკოლას ესტუმრა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივის “Don’t Worry, Be Healthy!”-ს ფარგლებში მე-4, მე-10 და მე-11 კლასელებთან შეხვედრა გამართა თემებზე  - ჰიგიენა, ცხოვრების აქტიური წესი, ჯანსაღი კვება, თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების მავნებლობა და საგზაო უსაფრთხოება.

პრეზენტაციაში, სადაც მონაწილეობა ჯანსაღი ცხოვრების წესის თოჯინა-პერსონაჟებმა – ნიკა და ნუცამ მიიღეს, ნაჩვენები იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლები, ასევე დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.

შეხვედრის დასასრულს, სანდრა რულოვსმა მე-10 და მე-11 კლასელებს ჯანსაღი ცხოვრების წესის საკითხებთან დაკავშირებით შეკითხვები დაუსვა და ვიქტორინაში გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადასცა. მე-4 კლასელებს კი, პირველმა ლედიმ თამაშის მეშვეობითა და თოჯინა-პერსონაჟების – ნიკასა და ნუცას დახმარებით, კბილების სწორად გამოხეხვის შესახებ გაკვეთილი ჩაუტარა და ბავშვებს საჩუქრად კბილის ჯაგრისები, პასტები და ზოგადი ჰიგიენის შესახებ წიგნები გადასცა.