თსსუ-ში 21 ცნობილი უცხოელი პროფესორი ლექციებს წაიკითხავს
05.03.2012
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უცხოეთის წამყვანი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებათა პროფესორ-მასწავლებლები ლექციებს საბაზისო და კლინიკური მედიცინის სხვადასხვა სფეროში წაიკითხავენ. დღეს, უცხოელ პროფესორებს  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი შეხვდა. 

კლინიცისტი პროფესორები ამერიკიდან, ბრიტანეთიდან, ნორვეგიიდან, ავსტრიიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან, იტალიიდან სრულიად უსასყიდლოდ, საუნივერსიტეტო კლინიკებში კონსულტაციებსა და ოპერაციებს ჩაატარებენ.

გივი ჟვანიას კლინიკაში  ოპერაციებს  ბავშვთა ცნობილი ქირურგი ისრაელიდან იცხაკ ვინოგრადი ჩაატარებს; გოჩა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში ოპერაციებს ჩაატარებს ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ჰერვიგ კოსტრონი, უროლოგიის ინსტიტუტში უფასო ოპერაციებს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ ალკენი ჩაატარებს.

საქართველოს პრეზიდენტის ინიცირებული პროექტის ფარგლებში, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში უცხოელი  სპეციალისტების, ცნობილი და წარმატებული პროფესორების ჩამოყვანას  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს.