სამართლებრივი ოლიმპიადა გაიმართა
09.03.2012
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დღეს, სამართლებრივი ოლიმპიადა გაიმართა. ოლიმპიადის მიზანი იყო სასამართლოსა და მომავალი იურისტების დაახლოება, მათი სამართლებრივი ცოდნის გაღრმავება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, მათი უშუალოდ ჩართვა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში და, რაც მთავარია, დანაშაულის პრევენციაზე ზრუნვა.

ოლიმპიადაში მონაწილეობა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის,  კავკასიის  უნივერსიტეტის,  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის  სტუდენტებმა მიიღეს. საუკეთესო გუნდი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ დააჯილდოვა.

ოლიმპიადა საზოგადოებრივი სასამართლოს პროექტის ფარგლებში 5 ეტაპად ჩატარდა: კაზუსის ამოხსნა; სამართლებრივი კითხვები; იურიდიულ ტერმინთა მნიშვნელობა; გუნდის კაპიტანთა შეჯიბრი; სამართლებრივი შეცდომების კორექტირება და დებატები.

ოლიმპიადის თემატური საკითხები თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციამ  სამართლის შემდეგი დარგებიდან განსაზღვრა: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, სამოქალაქო სამართალი, სამოქალაქო სამართლის პროცესი, ადმინისტრაციული სამართალი და ადმინისტრაციული სამართლის პროცესი.

სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ექვსწევრიანი გუნდები, ერთმანეთს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს უზიარებდნენ, მომავალი იურისტების საუკეთესო გუნდი კი,  კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა.