პროექტის ”ათასწლეულის გამოწვევა” ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
09.03.2012
ბათუმში საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაფუძნებასთან დაკავშირებით, საქართველოში 25 წამყვანი უცხოური საერთაშორისო უნივერსიტეტისა და სხვა სასწავლო დაწესებულებათა ხელმძღვანელები ჩამოვიდნენ. დღეს, უცხოელ სტუმრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მთავრობის წევრებთან ერთად შეხვდა და მათ ახალი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების კონცეფცია წარუდგინა.

რა მოდელის პროგრამები დაინერგება ახალ უმაღლეს სასწავლებელში - ამ მიმართულებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს წამყვან  უცხოურ საერთაშორისო უნივერსიტეტებთან. ”თბილისი მარიოტში” გამართული შეხვედრის მიზანი სწორედ,  ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ძირითადი მიმართულებების გაცნობა და იმ სასწავლო პროგრამების განხილვა იყო, რომელიც უცხოელი სტუმრებისაგან იქნა შემოთავაზებული. 

სამუშაო შეხვედრა 10 მარტს ბათუმში გაგრძელდება და უცხოელი სტუმრები იმ ადგილს გაეცნობიან, სადაც ბათუმის საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი შენდება. უნივერსიტეტის ძირითადი მიმართულებები იქნება ტექნოლოგიური, საინფორმაციო და საინჟინრო დისციპლინები. უნივერსიტეტი აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სათანადო ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით.