ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორმა მასტერ კლასი ჩაატარა
12.03.2012
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უცხოეთის წამყვანი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებათა პროფესორ-მასწავლებლები საბაზისო და კლინიკური მედიცინის სხვადასხვა სფეროში ლექციებს კითხულობენ და პრაქტიკულ მეცადინოებებს ატარებენ. დღეს, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორის, მანჰეინის უროლოგიური კლინიკის ხელმძღვანელის პიტერ ალკენის პრაქტიკულ მეცადინეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო. 

უცხოელმა პროფესორმა ლექცია თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში ჩაატარა. თანამედროვე აპარატურითა და სიმულატორებით აღჭურვილ ცენტრში პიტერ ალკენს ყველა პირობა ჰქონდა შექმნილი, რათა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მაღალი დონის პრაქტიკული მეცადინეობა ჩაეტარებინა და თავისი გამოცდილება გაეზიარებია.

კლინიკური უნარ-ჩვევების თანამედროვე ცენტრის ფუნქციონირებას პიტერ ალკენმა მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ სიმულატორებზე მუშაობა  სტუდენტებს ეხმარება თეორიული ცოდნა უსაფრთხოდ გადაიტანონ პრაქტიკაში, შეისწავლონ ჭრილობის პირველადი ქირურგიული დამუშავება და ნაკერის დადება. ცენტრში სტუდენტებს შეუძლიათ ისეთი მანიპულაციების ჩატარება, როგორიცაა თვალის ფსკერის და ყურში დაფის აპკის გამოკვლევა, ტრავმული პაციენტის ტრანსპორტირება და სხვა.

საქართველოს პრეზიდენტის ინიცირებული პროექტის ფარგლებში, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში უცხოელი  სპეციალისტების, ცნობილი და წარმატებული პროფესორების ჩამოყვანას  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს.