19 მარტიდან პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსება იწყება. პროფესიული განათლების მიღების მსურველები სახელმწიფოსაგან 1000 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ და სასურველ სასწავლებელში ისწავლიან.
დღეს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საინფორმაციო ცენტრს ეწვია, სადაც მომავალი პროფესიული სტუდენტების რეგისტრაცია და ვაუჩერული დაფინანსება მიმდინარეობს. პირველი მსურველი სოციალურად დაუცველი ოჯახიდან მიხეილ სააკაშვილმა პირადად დაარეგისტრირა და სასწავლო ვაუჩერი გადასცა.
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საგაზაფხულო რეგისტრაცია, რომელიც 20 აპრილამდე გაგრძელდება, თბილისის გარდა, ქუთაისისა და ქობულეთის საინფორმაციო ცენტრებშიც დაიწყო, სადაც დაინტერესებული პირები რეგისტრაციის გავლამდე ყველა საჭირო ინფორმაციას იღებენ.
პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსებისათვის სახელმწიფომ 7 მილიონი ლარი გამოყო, რაც 7 000 ადამიანს საშუალებას მისცემს ისწავლოს, იშრომოს, გახდეს პროფესიონალი და დასაქმდეს.
ვაუჩერით სრულად დაფინანსდებიან სოციალურად დაუცველი სტუდენტები, ასევე, მიმდინარე წლის ცხრაკლასდამთავრებულები და მეთორმეტეკლასელები, რომელთაც სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტეს დაეუფლონ პროფესიულ განათლებას.
პროფესიულ კოლეჯებში მიღებული განათლებით სტუდენტებს დასაქმების რეალური საშუალება ეძლევათ, განახლებულ და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ პროფესიული კოლეჯებში ახალი, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიები ისწავლება. სახელობო პროგრამებს გადამზადებული პედაგოგები და დარგის სპეციალისტები ასწავლიან.
დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლა გაზრდის კოლეჯებს შორის ჯანსაღ კონკურენციას, ხელს შეუწყობს კერძო სექტორის მოზიდვასა და პროცესში ჩართვას. თანაბარ პირობებში მყოფი პროფესიული კოლეჯები სტუდენტების მოზიდვის მიზნით, თვითგანვითარებაზე, საწარმოო პრაქტიკების ორგანიზებასა და დასაქმების პერსპექტივაზე ხდებიან ორიენტირებულები.