საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმების გასაცნობად, თბილისს ავსტრიელი მასწავლებლები ეწვივნენ. დღეს, მასწავლებლის სახლში ავსტრიელ სტუმრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე შეხვდა და პირადად გააცნო ის რეფორმები, რომელიც განათლების სფეროში გატარდა და სამომავლოდ არის დაგეგმილი. სტუმრებმა მრავალფუნქციური, თანამედროვედ აღჭურვილი მასწავლებლის სახლიც დაათვალიერეს.
დელეგაცია ავსტრიის თბილისთან დაძმობილებული ქალაქიდან ინსბრუკიდან იყო და მის წევრებს ტიროლის მხარის სხვადასხვა საფეხურისა და სკოლის მასწავლებლები და დირექტორები წარმოადგენდნენ. ავსტრიელ კოლეგებს განსაკუთრებით აინტერესებდათ საქართველოს სასკოლო განათლების სისტემის გაცნობა და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები.
კოკა სეფერთელაძემ სტუმრებს მაქსიმალური ინფორმაცია თითქმის ყველა სიახლეზე მიაწოდა. ავსტრიელი მასწავლებლებისთვის ყველაზე მეტად საყურადღებო ის პროექტები აღმოჩნდა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებში სწავლის ხარისხის ამაღლების კუთხით განახორციელა.
ავსტრიელი პედაგოგები ისეთი სიახლეებით დაინტერესდნენ როგორიცაა საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირველკლასელებისათვის საჩუქრად ნეტბუქების გადაცემა, ასევე, პირველივე კლასიდან ინგლისური ენის გაძლიერებულად სწავლება და პროექტი ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად (TLG)”, სკოლებში საინფორმაციო ტექნოლოგიების, ზუსტი და საბუნებიმეტყველო საგნების გაძლიერებულად სწავლება, მრავალფუნქციური ,,მომავლის კლასების” გახსნა, პედაგოგთა გადამზადება და მრავალი სხვა.