105-ე საჯარო სკოლაში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს
05.04.2012
თბილისის 105-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს. ღონისძიებას აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირის ვახტანგ გზირიშვილის დედა ესწრებოდა.

მოსწავლეებმა ვახტანგ გზირიშვილისა და მასთან ერთად მებრძოლი მეომრების ცხოვრებისა და ბრძოლის  ეპიზოდები გაიხსენეს და ზოგიერთი მათგანი თეატრალიზირებულად წარმოადგინეს. ვახტანგ გზირიშვილი ცხინვალის რეგიონში იბრძოდა,  8 აგვისტოს სამხედრო დავალების შესრულების დროს დაიღუპა.  სიკვდილის შემდეგ მას ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა.

105-ე სკოლის მოსწავლეებმა გმირების ხსოვნის საღამო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიუძღვნეს, ვარკეთილში  ასევე ვახტანგ გზირიშვილისა და მისი თანამებრძოლების სახელზე  ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი შენდება.

ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.