ჩოხატაურის რაიონში ახალი სკოლა აშენდა
12.04.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ჩოხატაურის რაიონის სოფელ ქვაბღაში ახალ სკოლა აშენდა. ამჯერად სკოლის შიდა სარემონტო სამუშაოები და გარე პერიმეტრის მოწესრიგება მიმდინარეობს. ახლადაშენებული სკოლა მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ დაათვალიერა.

სოფელ ქვაბღის სკოლის ძველი, საუკუნოვანი ხის შენობა 1985 წლიდან ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რამდენიმე წელი ამ სკოლის 111 მოსწავლე დროებით თავშესაფარში არაკომფორტულ გარემოში სწავლობდა. ახალი სასწავლო წლიდან ამ სოფლის მოზარდები თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლაში ისწავლიან.

ახალი სკოლის შენობა თანამედროვედ აღიჭურვება, სკოლას ექნება სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და სპორტული მოედანი.  სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი.