საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ”Summer Job”-ის მონაწილე სტუდენტებს შეხვდნენ და პროგრამის მიზნებსა და მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ისეთი ტექნიკური საკითხები როგორიცაა დამსაქმებლებთან დროული დაკავშირება და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება.
საზაფხულო დასაქმების პროგრამაზე დარეგისტრირებული სტუდენტები 2012 წლის 15 მაისამდე უნდა გამოცხადდნენ დამსაქმებლებთან და ხელი მოაწერონ შრომით ხელშეკრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტი გამოეთიშება პროგრამას და მის სამუშაო ადგილზე 15 მაისის შემდეგ ხელახალი რეგისტრაცია გამოცხადდება.
პროექტი ”Summer Job” საქართველოს პრეზიდენტის მიერ არის ინიცირებული და წელს პირველად ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ზაფხულის არდადეგებზე (2012 წლის 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე) 25 000 ბაკალავრიატის სტუდენტი სხვადასხვა დროებით სამუშაოზე დასაქმდება და მიიღებს ანაზღაურებას 500 ლარის ოდენობით.
„Summer Job“-ში მონაწილე ყველა სტუდენტი, საქართველოს ბანკის მიერ დამზადებული პლასტიკური ბარათის მეშვეობით შეძლებს გამომუშავებული თანხის მიღებას. სტუდენტებს პლასტიკური ბარათები უსასყიდლოდ გადაეცემათ, ანგარიშზე არსებულ დადებით ნაშთს სარგებელიც დაერიცხება.
პროექტი ”Summer Job” გამიზნულია იმისათვის, რომ სტუდენტმა კვალიფიკაციის ამაღლება და გამოცდილების მიღება იმ სფეროში შეძლოს, სადაც მომავალში სურს დასაქმდეს. ასევე გამომუშავებული თანხა მას საშუალებას აძლევს საკუთარი სწავლა დააფინანსოს ან გამოიყენოს შემეცნებისთვის, მოგზაურობისთვის, დასვენებისათვის და ა.შ.
მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტმა საზაფხულო არდადეგები ნაყოფიერად გამოიყენოს. ამგვარი პრაქტიკა დანერგილია და წარმატებით ხორციელდება დასავლეთის ქვეყნებში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში სახელმწიფო უწყებები და კერძო სექტორია ჩართული.